“ხალხი კრიშტიანუს აკრიტიკებს, მაგრამ…” – გაირკვა მიზეზი, რის გამოც რონალდუ ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო

პორტუგალიელი ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა და მისი ძმა, ანდრე, ესპანეთში ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. დაკრძალვის ცერემონია გასულ შაბათს გაიმართა.
ჟოტა 2020 წლიდან ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულის“ რიგებში თამაშობდა და 2019 წლიდან პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრი იყო.
დაკრძალვას არ დასწრებია კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ჟოტას ახლო მეგობარი იყო.
ამის გამო რონალდუ საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა, თუმცა, როგორც პორტუგალიური გამოცემა A Bola წერს. რონალდუ დაკრძალვას არ დაესწრო, რადგან არ სურდა, რომ საზოგადოების ყურადღება მისკენ ყოფილიყო და მის გამო გარდაცვლილ ძმებზე არ გამახვილებულიყო სათანადო ყურადღება.
გამოცემის ინფორმაციით, კრიშტიანუ პირადად ესაუბრა ჟოტას ცოლს, მშობლებს და გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის სხვა წევრებს.
“ის და ჟოტას ოჯახი შეთანხმდნენ, რომ თუ რონალდუ არ დაესწრებოდა დაკრძალვას, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა. კრიშტიანუ იქ მისვლით ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობდა. რონალდუს სურდა თანაგრძნობისა და სოლიდარობის გამოხატვა მედიაში აჟიოტაჟის გაღვივების გარეშე”, – წერს გამოცემა.
წყარო: ambebi.ge