ცნობილი უზბეკი მომღერალი ყოფილმა ქმარმა სასტიკად მოკლა – რა დეტალებს ასაჯაროებს მედია 33 წლის ქალის საქმეზე

სამარყანდის ოლქის ტაილაკის რაიონში, 33 წლის მომღერალი ზებოი ჟაჰონი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით მომღერლის მეუღლეა დაკავებული.
- როგორც ადგილობრივი მედია წერს, მამაკაცი ყოფილი მეუღლის სახლში ბავშვების მოსანახულებლად მივიდა. ადგილზე მეუღლეებს შორის სავარაუდოდ კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც მომღერლის მეუღლემ ქალი საკუთარი ხელით გაგუდა. 33 წლის მომღერალი, სამი შვილის დედა, ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპულის ძმამ, ჟაჰონმა, მედიას განუცხადა, რომ მის დას ასეთი სიკვდილი არ დაუმსახურებია.
“იმ დღეს სამსახურში ვიყავი, სასწრაფო დახმარების სამსახურში ვმუშაობ. დაახლოებით 4 საათზე ცოლმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს დას რაღაც დაემართა. დედას დავურეკე – მან მითხრა: “სასწრაფოდ ჩამოდი, ის მოკლეს“. როგორ შეიძლება ასე მოექცე საკუთარ მეუღლეს, სამი ვაჟის დედას?” – ამბობს მამაკაცი. მოკლულის ოჯახი დამნაშავისთვის მაქსიმალურად მკაცრ სასჯელს ითხოვს.
გენერალური პროკურორის პრეს-მდივანმა, ხაიოტ შამსუტდინოვმა, განაცხადა, რომ 1992 წელს დაბადებული ეჭვმიტანილის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უზბეკეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 97-ე მუხლის 1-ლი ნაწილით („განზრახ მკვლელობა“). ის დაკავებულია.