„ყველა მთხოვს, ბაჩოზე დავწერო როგორ გავიცანი და როგორ დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია…“ – რას წერს ლიკა კუჭუხიძე გარდაცვლილ მეუღლეზე
ლიკა კუჭუხიძე, რომლის მეუღლე აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.
ლიკა ბაჩოს გაცნობის ამბავს იხსენებს და გვიყვება როგორ დაიწყო მათი ისტორია.
„ყველა მთხოვს, ბაჩოზე დავწერო როგორ გავიცანი და როგორ დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია.
სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან არც მიფიქრია, რომ ოდესმე ჩვენს შესახებ ასე დავწერდი, და დაგაინტერესებდათ ჩვენი ამბავი.
ბაჩო პირველად ცეკვაზე გავიცანი. ძალიან მოუსვენარი, ენერგიული და სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო. ისეთი, ვისაც უყურებდი და ფიქრობდი „ეს ჩემთვის არ არის“. დიდად ყურადღებასაც არ ვაქცევდი. მერე კონცერტი გვქონდა ვემზადებოდით და სიმაღლის გამო ერთად მოგვიწია დგომა.
თუმცა ცხოვრება ყოველთვის იმ გზას ირჩევს, რომელსაც თავიდან ვერ ამჩნევ. დღეები გადიოდა და წარმოდგენა მეცლებოდა. თითქოს ნელ-ნელა იწყებდა ჩემს ფიქრებში შემოპარვას. ამას საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებოდი. მერე მისალმება დამიწყო, უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა და რაღაც შეიცვალა.
მოვიდა 2022წლის 9 ივლისი. ბათუმში უნდა წავსულიყავით ცეკვით. გზაში შემეფეთა, შემომხედა და მითხრა:
„ვაუ, რა ლამაზი ხარ.“
ისე მითხრა, რომ გამეღიმა და ცოტა არ იყოს მესიამოვნა ყველაფერი ზუსტად იმ ღიმილით დაიწყო ყველაფერი.
ბათუმში ჩავედით, ვიცეკვეთ, ვსეირნობდით, ვიცინოდით. ნელ-ნელა დავუახლოვდით ერთმანეთს ისე, რომ ვერც კი მივხვდით როგორ. უკან, აბაშისკენ რომ მოვდიოდით, მე უკან ვიჯექი და მომიჯდა. მთელი გზა ვლაპარაკობდით. არ გვინდოდა, რომ ის ღამე დასრულებულიყო. თითქოს ორივე ვგრძნობდით რაღაც მნიშვნელოვანი იწყებოდა.
მაგრამ სიყვარული არასდროს არარის მარტივი. იყო შიში, იყო ეჭვიანობა, იყო კამათი. მაშინ ორივე პატარები ვიყავით ბავშვური ჩხუბები გვქონდა, მაგრამ გვეშინოდა რომ არ დაგვეკარგა ერთმანეთი.
ის კი სულ ერთსა და იმავეს მეუბნებოდა:
„ცოლად რომ მოგიყვან, ყველაფერი შეიცვლება, ყველაზე ბედნიერ ქალად უნდა გაქციოვო”
დრო გავიდა. ჩვენც გავიზარდეთ. ერთად გავიარეთ რთული დღეები, გაუგებრობები, ცრემლები, დაშორების ზღვარზე მისვლაც კი… მაგრამ საბოლოოდ ყოველთვის ერთმანეთს ვირჩევდით. არა იმიტომ, რომ მარტივი იყო არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთის გარეშე უფრო რთული იყო ცხოვრება.
ოთხი წელი გავიარეთ სირთულეებით, შეცდომებით, ცრემლებით და უამრავი დაბრკოლებებით დრო, რომელმაც გვასწავლა, რომ სიყვარული მხოლოდ გრძნობა არ არის.
და ერთ დღეს მივხვდით აღარ შეგვეძლო ცალ-ცალკე ცხოვრება. აღარ იყო ეს უბრალოდ გრძნობა. ეს უკვე გადაწყვეტილება იყო იმისა, რომ უკვე ოჯახად უნდა ვქცეულიყავით.
2025 წლის 24 ივნისი.
არ გვინდოდა დიდი ხმაური. არ გვინდოდა სხვისი აზრები, სხვისი ჩარევა, გვინდოდა მხოლოდ ჩვენ. ჩვენი არჩევანი. ჩვენი სიყვარული, და გავიპარეთ. გავიპარეთ არა იმიტომ, რომ ვიმალებოდით.
გავიპარეთ იმიტომ, რომ ამ სიყვარულს ვერაფერი შეაჩერებდა.
იმ დღეს პირველად ვიგრძენი სრული სიმშვიდე. აღარ იყო შიში, აღარ იყო ეჭვი, მხოლოდ ერთი გრძნობა გვქონდა ,,ეს არის ჩემი ადამიანი.”
და თუ ოდესმე მკითხავენ, როგორ იწყება ნამდვილი სიყვარული, ვუპასუხებ
ზოგჯერ ყველაზე მოულოდნელი შეხვედრა ხდება შენი ცხოვრების ყველაზე დიდი გადაწყვეტილება.
მაგრამ ცხოვრება ყოველთვის ისე არ გრძელდება, როგორც გვინდა. ბაჩო დღეს ჩემ გვერდით აღარ არის.
დრო გაჩერდა, მაგრამ სიყვარული არა.
ჩვენ გვეგონა, რომ წინ დიდი ცხოვრება გვქონდა, რომ ოთხი წელი მხოლოდ დასაწყისი იყო. ვგეგმავდით, ვოცნებობდით, გვეგონა რომ ყველაფერს მოვასწრებდით არ ვიცოდით, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი სიყვარული ყველაზე მოკლე დროში ეტევა. ბაჩო დღეს ჩემ გვერდით აღარ არის,
ვეღარ მიმშვენებს გვერდს ვეღარ მეტყვის „ვაუ, რა ლამაზი ხარ ცხოვრება“.
ყველაფერი შეიცვალა…
უბრალოდ ისე არა, როგორც ველოდით. ბაჩო წავიდა.
და ჩემში ყველაფერი გაჩერდა, თითქოს ჩაქვრა ყველაფერი ირგვლივ. დარჩა სახლი, სადაც მისი სიცილი აღარ ისმის.
დარჩა მოგონებები, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა ღამე ლაპარაკობენ.
მაგრამ სიყვარული უცნაურია.
ის არ ქრება ადამიანთან ერთად.
ის რჩება, სუნთქვაში,
ჩვევებში, მოლოდინში, როცა წამით გგონია, რომ ისევ შემოვა ოთახში.
ხალხი მეუბნება დრო ყველაფერს შველისო.
მაგრამ დრო არ შველის სიყვარულს. ის უბრალოდ გასწავლის, როგორ იცხოვრო მის გარეშე. და თუ ოდესმე მკითხავენ, ვინ იყო ბაჩო ვიტყვი:
ის იყო ჩემი პირველი დიდი სიყვარული.
ჩემი არჩევანი.
ჩემი ქმარი.
და ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი.
მე დავკარგე ადამიანი, ვისთანაც ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა.
დავკარგე ხმა, რომელიც მამშვიდებდა.
მხარი, რომელზეც თავი უნდა დამედო მთელი ცხოვრება.
და ყველაზე რთული ის არის, რომ ცხოვრება გრძელდება…
ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
ხალხი მოდის და მიდის. დღეები გადის. თარიღები იცვლება.
მაგრამ ჩემთვის დრო იმ დღეზე გაჩერდა, როცა ბაჩო წავიდა. ხანდახან ისევ ველოდები, რომ კარი გაიღება.
რომ მომწერს.
რომ დამიძახებს.
რომ მეტყვის „ყველაფერი კარგად იქნება.“
მაგრამ სიჩუმეა.
და ამ სიჩუმეში ყველაზე ხმამაღლა მისი არყოფნა ისმის.
მე აღარ მყავს ბაჩო გვერდით, მაგრამ მაქვს ჩვენი ოთხი წელი.
აღარ მესმის მისი ხმა,
მაგრამ მაქვს მისი სიტყვები.
აღარ არის ის ჩემ გვერდით,
მაგრამ არის ჩემში ყოველდღე.
და ალბათ ეს არის სიყვარულის ყველაზე მძიმე ფორმა
როცა ადამიანი მიდის,
მაგრამ სიყვარული რჩება სამუდამოდ…“ – წერს ლიკა კუჭუხიძე.
24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ბაჩო ლასარეიშვილი, მასთან ერთად მყოფი მისი მეუღლე – 18 წლის ლიკა კუჭუხიძე კი დაშავდა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდნენ.
