რა ვითარებაა ახლა ირანში და არიან თუ არა უსაფრთხო ადგილას გიორგი გველესიანი და მისი მეუღლე – რას ამბობს ლინდა კიკოლაშვილი

ისრაელსა და ირანს შორის გამწვავებული კონფლიქტის გამო მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. „დაიჯესტი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი გველესიანის მეუღლეს ლინდა კიკოლაშვილს დაუკავშირდა. როგორც მოგეხსენებათ გველესიანი, ირანული კლუბის „პერსეპოლისის“ ღირსებას იცავს.
„ჩვენ ევროპაში ვართ ახლა უსაფრთხო ადგილას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, – უთხრა „დაიჯესტს“ ლინდა კიკოლაშვილმა.
ცნობისთვის, 13 ივნისს, გამთენიისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ – ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობდნენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს. ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს მკაცრი პასუხით და შურისძიებით დაემუქრა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პარასკევ საღამოს ირანმა ისრაელზე საპასუხო დარტყმები განახორციელა და „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა“ გაისროლა. თეირანი აცხადებს, რომ ეს ისრაელის მიერ მანამდე ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე „გამანადგურებელი პასუხის“ დასაწყისია. ავიადარტყმების ქვეშ მოხვდა 13-14 ივნისის ღამეს თელ-ავივი, სადაც დაშავდა სულ ცოტა 35 ადამიანი. 14 ივნისს, დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის მიერ განხორციელებულ ავიაშეტევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
წყარო : Digest.ge