„პრაქტიკაში არ ყოფილა ასეთი უეცარი სიკვდილი სალმონელას გამოეწვიოს, სრულ გაურკვევლობაში ვართ“ – ხაშურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

ხაშურში, ბარბაქაძეების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებს ამ დრომდე ადგნენ ექსპერტები და სამართალდამცავები. ჯერჯერობით ისევ უცნობია, რა გახდა 9 წლის ბავშვის, ლუკა ბარბაქაძის გარდაცვალების მიზეზი. როგორც საზოგადოებამ იცის, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი ბავშვის დედა, ნანა ხიხაძე, ის ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია და ექიმები გადარჩენისთვის იბრძვიან.
ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ჩიქოვანი „კვირის პალიტრასთან“ ჯერჯერობით ვერ საუბრობს რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თავიდანვე განიხილებოდა ერთადერთი ვერსია, საკვებით ინტოქსიკაცია და ამიტომ ყველა ელოდება ლუგარის ლაბორატორიიდან ექსპერტიზის პასუხს. როგორც მეზობლები ამბობდნენ, დედა-შვილს შესაძლოა ჰქონდეს ნაჭამი აჯაფსანდალი და ძეხვი, ამიტომ გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ბოტულიზმი ყოფილიყო ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. თუმცა როგორც შევიტყვეთ, დედის კუჭიდან ზონდით ამოღებულ მასაში არ აღმოჩნდა ბოტულიზმის კვალი. იცით, რომ ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა დედის პირნაღები მასალა, ასევე ზონდით მისი კუჭიდან ამოღებულია მასა, ამ მასალის კვლევით უნდა გაირკვეს, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. მასში არ აღმოჩნდა ბოტულიზმის კვალი.
ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიქოვანი ამბობს, რომ საგონებელში არიან ჩავარდნილები, რადგან ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული პირველადი პასუხით ბოტულიზმი გამოირიცხა.
„ლუგარის ლაბორატორიაშია მასალა, დამირეკეს ლუგარის ლაბორატორიიდან და მითხრეს, რომ დედის კუჭის შიგთავსიდან ამოღებული მასიდან სავარაუდოდ ამოითესა სალმონელა. ეს საბოლოო დასკვნა არ არის, კიდევ გრძელდება კვლევები. როგორც იცით, ჩვენ დამატებით ბინიდან პოლიციის მიერ ამოღებულ საკვებიც გავაგზავნეთ ლაბორატორიაში, რადგან გვთხოვეს ისიც გაგვეგზავნა, იმასაც შევამოწმებთო. იქაც მოხდება ამოღებულ საკვებზე ექსპერტიზის ჩატარება. პარალელურად ვიცით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც ატარებს ექსპერტიზას სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მიწოდებულ მასალაზე. სალმონელოზი ნაწლავური ინფექციაა, მაგრამ ასეთი სწრაფი სიკვდილი რომ გამოეწვია ისეთი ბაქტერია არ არის. ამიტომ ახლა ვართ სრულ გაურკვევლობაში და ველოდებით სხვა კვლევების შედეგებს. ბოტულიზმი გამოირიცხა, ქალის კუჭიდან ამოღებულ მასალაში ბოტულიზმი არ ამოითესა… პირველ ეტაპზე გამოჩნდა სალმონელა, მალე ალბათ მომაწვდიან საკვების ესპერტიზის შედეგებსაც. სალმონელა არ არის ისეთი ტოქსინი, რომ ეს მძიმე შედეგი გამოეწვია, ამიტომ უფრო მეტად ჩავვარდით საგონებელში“, – ამბობს ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიქოვანი.
მისი თქმით, ბავშვის დედა უგონო მდგომარეობაშია და ამიტომ უცნობია რაიმე სიმპტომები ჰქონდათ თუ არა მათ საკვების მიღების მერე.
„რაც იყო სახლში საჭმელები, ალბათ ეს შეჭამეს. აჯაფსანდალი, შებოლილი ძეხვი არის კვერცხში შემწვარი და შესაძლოა კვერცხისგან იყოს გამოწვეული სალმონელა. იმიტომ რომ ძირითადად კვერცხიდან ხდება სალმონელათი დაინფიცირება. სახლიდან ამოღებულია შებოლილი ძეხვიც. სურსათის უვნებლობაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატარებს კვლევებს… სალმონელა იწვევს ფაღარათს, სითხის დაკარგვას და ღებინებას. პრაქტიკაში არ ყოფილა ასეთი უეცარი სიკვდილი სალმონელას გამოეწვიოს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ რაღაც სხვა ტოქსინია, მაგრამ რა არის, ჯერ არ ვიცით. სამხარაულში ექსპერტიზა ჩაუტარდა ბავშვის ცხედარს და ექსპერტიზის პასუხი თუ გაგვცემს პასუხს რამ გამოიწვია ეს ტრაგედია. გვამის ექსპერტიზით სამხარაული დაადგენს მიზეზს. ახლა ამის მოლოდინში ვართ”, – ამბობს დავით ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, რომ ხაშურში, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა. ოჯახის ახლობლების თქმით, დედა-შვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, გარდაცვლილ ბიჭს ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემები ჰქონდა და მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა, პარალელურად, სკოლაშიც დადიოდა.
ამ ეტაპზე, მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ინტოქსიკაცია განიხილება, რაც შეეხება ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციას, როგორც მეზობლები ამბობენ, უკვე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და გაზის ან Co-ს გაჟონვა არ ფიქსირდება.