“გზას უთმობდნენ მანქანას, როცა ეს უბედურება დატრიალდა… საშიში მონაკვეთია, ერთ მხარეს კლდეა, მეორე მხარეს გადასავარდნი” – სვანეთის ტრაგედიის დეტალები

მთელი საქართველო შეძრა მესტიაში, ჭუბერისკენ მიმავალ გზაზე მომხდარმა ავტოავარიამ, რასაც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, გზიდან მდინარეში გადავარდა.
- გარდაცვლილები არიან მზეო უმფრიანი და ლევანი ანსიანი. წყვილს ოთხი არსრულწლოვანი შვილი დარჩა.
ყველა განიცდის მომხდარ ტრაგედიას და სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით. ემშვიდობებიან წყვილს, რომელიც ყველას უყვარდა. ლევან ანსიანი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო, ხოლო მზეო უმფრიანი ჭუბერის ამბულატორიის ექთანი.
მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს ახლა სამართალდამცავები ადგენენ. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. როგორც ირკვევა, ტრაგედიის ადგილი ძალიან ვიწროა და იმ საბედისწერო დღეს იმ მონაკვეთზე მათ შემხვედრი ტრანსპორტი შეხვდათ.
“მარტო მესტია კი არა, მთელი საქართველო გლოვობს ლევანს და მზეოს. ძალიან დიდი ტრაგედიაა მომხდარი. რაც იყო აქამდე, ისეთი გზა იყო, რაც მახსოვს სულ ასეთი გზა არის მანდ. ვიწროა ის მონაკვეთი და ორი მანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ აუვლის. ერთი უნდა გაჩერდეს. როგორც ვიცით, ქალბატონი იჯდა საჭესთან, ორნი იყვნენ მანქანაში, ორივე გარდაცვლილია და არავინ იცის რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია. სამწუხაროდ ვერავინ ვერ იტყვის რეალურად, იქ რა მოხდა. ის რომ იმ ადგილას იქ მათ მანქანა შეხვდა, ეს ცნობილია. შევიწროებული გზა არის ფიზიკურად სხვა ვერ გაივლიდა, შეხვდა მანქანა და ამათ მოუწიათ, ასე ვთქვათ უკანა სვლით წასვლა.
მერე იქ რა მოხდა, უკვე არავინ იცის. წვიმიანი ღამეც იყო, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია აუცილებლად. ზუსტად არ ვიცი, ხით დატვირთული მანქანა მოდიოდა თუ არა, მაგრამ ფიზიკურად ორი პატარა მანქანაც კი ვერ აუვლის გვერდს ერთმანეთს. ანუ შევიწროებული გზა არის. ყველა ვარიანტში უწევს, რომელიღაცას დათმობა. ამ შემთხვევაში მოუწიათ ამათ იმიტომ, რომ ის მანქანა უკვე მისული იყო იმ შევიწროებულ გზამდე. რა ვერ გათვალა, რა ვერ გაითვალისწინა, ეგ უკვე არავინ იცის.
ავარიის შემდეგ მანქანა ჯერ კიდევ არ ჰქონდა გატაცებული წყალს, რომ ამოიყვანეს და მძღოლის გვერდზე იჯდა ლევანი. ბევრი ვერსია არსებობს. მამაკაცი იმავე დღეს ვიპოვეთ, მზეო მეორე დღეს, მერე გადმოვარდა ეტყობა მანქანიდან და გადმოვასვენეთ ორივე. მართლა დიდი საცოდაობაა, ოთხი ბავშვია დარჩენილი მშობლების გარეშე, დიდი ხანია არ გამიგონია ასეთი დიდი ტრაგედია, მთელი ხეობა კი არა, მთელი საქართველო გლოვობს და განიცდის მომხდარს. ძალიან კარგი ადამიანები დავკარგეთ” – ამბობს ადგილობრივი.
კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ამ მონაკვეთზე ავარია პირველი შემთხვევა არ არის და არაერთი ადამიანი შეიწირა ამ გზებმა.
“ძალიან საშიში გზაა, საგერგილის ხიდიდან ჭუბერისკენ მიმავალი გზა არის ახლა მთლიანად განადგურებული. ვინ მოთვლის, რამდენი ადამიანია ამ გზაზე დაღუპული. განსაკუთრებით სადაც ავარია მოხდა ის ადგილი ძალიან ვიწროა, ერთ მხარეს კლდეა, მეორე მხარეს გადასავარდნია. ჩვენ ასე ვიცით, რომ ისინი გზას უთმობდნენ ხე-ტყით დატვირთულ მანქანას. სწორედ მაშინ დატრიალდა ეს უბედურება. მომდევნო მონაკვეთებიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, ის მონაკვეთი კი ძალიან საშიშია. სამწუხაროა რომ გზებისთვის არავის სცალია. დამცავი ჯებირები მაინც გააკეთონ, რომ მანქანა შეაჩეროს.
ჯებირები იყო გარკვეულ მონაკვეთზე ადრე და ახლა ისიც თითქმის ყველგან მოხსნილია. მწარე რეალობის წინაშე ვართ. ლევანის ცხედარი იმავე დღეს იპოვეს. მანქანა ძლივს ამოიყვანეს მაშველებმა, მანქანაში იყო ლევანი. მართლა თავგანწირვით ცდილობდნენ მანქანის ამოყვანას მაშველები. ისე გაუჭირდათ კინაღამ ამწე გადაბრუნდა, რადგან წყლის ნაკადი ეჯახებოდა და ძლივს შეძლეს ამოყვანა. მერე დამატებით მაშველები შემოიყვანეს სხვა რაიონებიდანაც. ყველა ეძებდა მზეოს. უკვე იმას ნატრულობდა ხალხი, რომ ეპოვათ ცხედარი. უნდა გენახათ ადგილობრივი ბიჭები როგორი თავგანწირვით ეძებდნენ მაშველებთან ერთად მზეოს ცხედარს.
თითქმის ენგურის შესართავამდე იყო ცხედარი მიტანილი, 1 5 კილომეტრის მოშორებით, კაშხალი რომ გუბდება იმ ადგილას ადგილობრივებმა იპოვეს და მაშველებთან ერთად ამოიყვანეს. დაგვიბრუნდა ჩვენი მზეო, მართლა ძალიან კარგი ადამიანები დავკარგეთ. ძალიან დიდი ტკივილია და გლოვობს მთელი მესტია, ჭუბერი, ეცერი.. მზეო ობლობაში გაიზარდა, სკოლის მოსწავლე იყო დედა რომ დაეღუპა და უდედოდ გაიზარდა. მერე შექმნა ლამაზი ოჯახი და ბედნიერად ცხოვრობდნენ, ზრდიდნენ 4 შვილს, ახლა ყველას ძალიან გვიჭირს რაიმე სანუგეშებელი ვუთხრათ მზეოს მამას და ლევანის მშობლებს. დიდი ტრაგედიაა. დიდი გლოვაა” – ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
წყარო : Ambebi.ge