“არასდროს მომიყოლია, ახლა მოვყვები, როგორც მოხდა…” – ნინი ბადურაშვილი ცნობილი შემთხვევისა და ბულინგის შესახებ

“ამ “ვიდით” რამდენს ბედავ?!” – ნინი ბადურაშვილის ეს რეპლიკა, ალბათ, ბევრ თქვენგანს ახსოვს. რამდენიმე წლის წინ ეს პასუხი მომღერალმა ერთ-ერთი კრიტიკული კომენტარის ავტორს გასცა, მალევე კი მისი ეს ნათქვამი საზოგადოებამ აიტაცა და ფრთიან ფრაზად აქცია. მოგვიანებით ნინი ბადურაშვილმა ამის გამო ბოდიშიც მოიხადა და განმარტა, რომ მსგავსი მიმართვა არასწორი იყო. ამჯერად კი გადაცემაში “რუსიკო და ნანიკო” ამ ამბის დეტალები გაიხსენა:
“არასდროს მომიყოლია და ახლა მოვყვები. მაშინ სტუმრად ვიყავი გადაცემაში “კაცები” და იმ საღამოს დაიდო ანონსი. ვიყავი მცხეთაში, ვიძინებდი უკვე, როცა კომენტარებში ერთი გოგო, რომელსაც არაფერს ვერჩი, მიწერდა არც ისე საშინელებას. უარესებიც დაუწერიათ, მაგრამ ამ გოგოს რატომ ვეცი, არ ვიცი. ალბათ, მანამდე დაგროვილი ბოღმა ამ გოგოზე გადატყდა. წერდა, რომ ერთი ამ გადაცემას [“კაცები”] ვუყურებდი და აქაც ბადურაშვილიაო. მომაფიქრდა ეს საშინელი კომენტარი და სანამ დავწერდი, მე თვითონ გამეცინა, ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა. მე ჩემს თავსაც ძალიან ხშირად დავცინი, სხვაც რომ მეხუმრება, პრობლემა არ მაქვს, თვითირონიული ვარ და ვიფიქრე, ამ გოგოსაც არ უნდა სწყენოდა ეს კომენტარი. რაღაც შინაგანი ხმა კი მეუბნებოდა, არ გააკეთოო, მაგრამ საპირისპირო გავაკეთე და ცხვირი მოვიმტვრიე.
რა მიქნეს, წარმოგიდგენიათ, არ ჩერდებოდა ფეისბუკი. ოთხი დღის მანძილზე მაბურთავეს, ის გოგოც შოკში იყო, აქეთ მიცავდა, თავი დაანებეთო. თმენის ვალდებულება კი გვაქვს, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, რობოტები ხომ არ ვართ”, – ამბობს ნინი ბადურაშვილი.